Wednesday, June 9, 2010

ქართული კინემატოგრაფია




ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ქათული კინო თითქოს აღმავლობას განიცდის, რადგან გაიზარდა კინოწარმოება და ხალხიც უფრო აქტიურად დადის კინოთეატრებში.აღმოჩნდა რომ საქართველოში დღეს 124 კინომწარმოებელი, საპროდიუსერო კომპანია და კინოსტუდია არსებობს. ქართული კინოს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით 2009 წელს საქართველოში 43 ფილმი გადაიღეს. წინა წლებთან შედაერბით ეს იმედის მომცემი შედეგია, მაგრამ რეალურად საიმედო ამაში არაფერია... დღეს ფილმების უმრავლესობას საქართველოში მხოლოდ კომერციული მიზნებისათვის იღებენ და ძალიან მცირე რაოდენობა გადის მათგან ფესტივალებზე და კიდევ უფრო მცირე რაოდენობაა მათგან პრიზიორი. გამონაკლისია გიორგი ოვაშვილის ფილმი "გაღმა ნაპირი" რომელმაც შემდეგი პრიზები აიღო:

>გრან-პრი “ოქროს შროშანი”, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მე-9 კინოფესტივალი goEast, ვისბადენი (2009).
>ჟიურის მთავარი პრიზი, სიეტლის 35–ე საერთაშორისო კინოფესტივალი (ამერიკა) (2009).
>მთავარი პრიზი "ოქროს ალამბრა", მე–3 საერთაშორისო კინოფესტივალი Cines del Sur-სამხრეთის კინო (გრანადა) (2009).
>საერთაშორისო ჟიურის პრიზით, პარიზის მე–7 სართაშორისო კინოფესტივალზე Paris Cinéma (საფრანგეთი) (2009).
>მთავარი პრიზი "ოქროს გარგარი", ერევნის მე–6 საერთაშორისო კინოფესტივალი (სომხეთი) (2009).
>პრიზი თედო ბექაურს, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის,ანტალიის საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს ფორთოხალი" (2009).
>პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, ანტალიის საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს ფორთოხალი" (2009).
>კინოავტორთა ასოციაციის ჟიურის პრიზი საუკეთესო ინტერნაციონალური ფილმისთვის, ანტალიის საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს ფორთოხალი" (2009).

1912 წლიდან დღემდე ბევრი რამე შეიცვალა ქართულ კინემატოგრაფიაში, შავ-თეთრი ფილმიდან მალე 3D -მდე მივალთ... თუმცა მთავარი არა ფილმის ხარისხი, არამედ მისი ღირებულებაა..

Tuesday, June 8, 2010

საერთაშორისო ფესტივალი "ამირანი"




 საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

                                                 უნივერსიტეტი
                                                               და 

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო

                                                  წარმოგიდგენთ

                   სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს

                                                       “ამირანი”

                                            11-14 ივნისი, 2009


მონაწილეობს 10 ქვეყანა: აზერბაიჯანი, ბოლივია, ბულგარეთი, გერმანია, ესპანეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, შრილანკა, შვეიცარია და საქართველო.
ფესტივალის პროგრამაშია 41 ფილმი.


 ფესტივალის გაგრძელდება 4 დღე:


გახსნა: წარმოდგენილი იქნება თავად ფესტივალი, მისი ისტორია. დრამის ფაკულტეტის ორგანიზებით მოეწყობა საღამო, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მთელი საუნივერსიტეტო რესურსი.
მეორე საღამო: ქართული ჯგუფების ცოცხალი შესრულება, რომელსაც თან დაერთვება აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ექსპერიმენტი.
დახურვის ცერემონიალი: გამოვლინდებიან გამარჯვებულები 7 ნომინაციაში,
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა უნივერსიტეტის მიერ ბოლო დროს ჩატარებული მასტერკლასების პრეზენტაცია (დიტო ცინცაძის მასტერკლასის 10 ფილმი), ასევე მოეწყობა პრეზენტაცია “უცნობი ქართული კინო”, რომელიც კინოსტუდია ქართულ ფიმთან ერთად განხორციელდა და ახლა DVD ფორმატში გამოიცა.
რუსტამ იბრაგიმბეკოვის კინოსკოლის პრეზენტაცია (აზერბაიჯანი) –ნაჩვენები იქნება ფილმები, რომელთა ნახვაც საინტერესო იქნება ნებისმიერი კინომოყვარულისთვის.
3 დღიან კინო ჩვენება: დასწრება თავისუფალია, აქედან გამომდინარე ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა ნახოს სტუდენტური ფილმები. კინოჩვენებას ასევე ესწრებიან სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან.
4 მასტერკლასი: ჟიურის წევრები ჩაატარებენ მიზნობრივ მასტერკლასებს მსურველთათვის. მასტერკლასებზე დასწრება ხდება ფესტივალის აკრედიტაციით.

წელს ჟიურის წევრები ჩამოვლენ აზერბაიჯანიდან, რუსტამ იბრაგიმბეკოვის კინოს სკოლიდან.

ფესტივალის პარტნიორები არიან: ყავა პელე, ისი-პარი, ღვინის კომპანია “ასკანელი ძმები”, “ნატახტარი”.

საინფორმაციო უზრუნველყოფა: საინფორმაციო სააგენტოები “ჯი-ეიჩ-ენი” და ინტერპრესნიუსი, მედია პალიტრა, გაზეთი 24 საათი და რადიო უცნობი.

ფესტივალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული კინო სფეროს განვითარებისთვის, სტუდენტური ცხოვრების და აქტივობისთვის.
ასევე, მას საერთაშორისო მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ერთადერთ ქართულ სტუდენტურ ფესტივალს, რომელშიც ყოველწლიურად ათობით ქვეყანა მონაწილეობს და ქართული კინო ფესტივალის პრიზები იგზავნება სხვა და სხვა მიმართულებით, მთელ მსოფლიოში.

ფესტივალის ისტორია

სტუდენტური კინოფესტივალი “ამირანი”ს იდეა 1978 წლიდან იღებს სათავეს . თავიდან იგი დაიწყო როგორც “ბიენალე”. მისი დაარსებიდანვე კინემატოგრაფიულ წრეებში “საბჭოთა კავშირის” ყველაზე თავისუფალ ფესტივალად იყო მიჩნეული. 90- იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ფესტივალი შეჩერდა.

ფეტივალის აღდგენა

2007 წელს უნივერსიტეტმა აღადგინა – სტუდენტთა საერთაშორისო კინოფესტივალი, გახადა ყოველწლიური. იგი გახდა მემკვიდრე 1978 წელს დაარსებული კინოფესტივალისა, რომლის ჟიურის წევრებიც იყვნენ ისეთი ცნობილი კინოხელოვანნი, როგორებიც არიან : ოთარ იოსელიანი, მერაბ კოკოჩაშვილი, რეზო ესაძე, ლეონიდ გაიდაი, მესჩენკო და იზრაელიანი.

ფესტივალის მიზნები
მხარში ამოუდგეს სტუდენტებს თავიანთი კარიერისა და პროფესიული უნარების განვითარების გზაზე
სტუდენტების ნაშრომთა პოპულარიზაცია
შესაძლებლობა იმისა, რომ შეიქმნას საერთო სფერო, რომელიც მხარს დაუჭერს კულტურულ და პროფესიულ განვითარებას როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე.
მისცეს სტიმული ახალგაზრდა ხელოვანთ, რათა მათ დაუთმონ მეტი ყურადღება თავიანთი მომავალი პროფესიის ათვისებას და შექმნან ახალი და ღირებული ხელოვნების ნიმუშები

ფესტივალი მოლოდინი
კინოს ინდუსტრიაში არსებულ თაობათა შორის ურთიერთობის განვითარება
სიახლეების სტიმულირება საგანმანათლებლო სფეროში.
კომუნიკაციისა და უნარების გაცვლა ქართველ და უცხოელ ახალგაზრდა პროფესიონალთა შორის.
შემდგომი თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები კინო სკოლებსა და პროფესორთა შორის.
ამაღლდეს სტუდენტთა მოტივაცია და აქტივობა რათა მოხდეს მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი არის უმაღლესი სახელოვნებო განათლების მრავალპროფილიანი დაწესებულება.

იგი აქცენტირებულია მოამზადოს მაღალკვალიფიცირებული კადრები სახელოვნებო მეცნიერებათა კულტურის მართვისა და საშემსრულებლო თუ გამოყენებითი ხელოვნების დარგებში. მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა განავითაროს ინტერდისციპლინური ხასიათის სასწავლო გეგმა და სამეცნიერო კვლევები, რაც გააფართოვებს დასაქმების ბაზარს კულტურაში, ხოლო კურსდამთავრებულებს შესძენს უნარს სწარაფი ადაპტაცია მოახდინონ მსოფლიოს მუდმივად ცვალებად შრომით ბაზარზე.

უნივერსიტეტი წარმოადგეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებების, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელ სამეცნიერო – კვლევით საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ორიენტირებულია თეატრისა და კინოს, მედიახელოვნების, აგრეთვე სახელოვნებო მეცნიერებათა სწავლებისა და კვლევის შემდგომი გაღრმავების საკითხებში. 
უნივერსიტეტში კინოფაკულტეტი 36 წლის წინ შეიქმნა.
უნივერსიტეტი ELIA და CILECT –ის სრული წევრია.
     

ქართული კინოინდუსტრიის პრობლემები


 იმ ადამიანებს, რომლებსაც ქართული კინემატოგრაფის ავანჩავანი აინტერესებთ, ამ ბოლო დროს ხშირად უჩნდებათ კითხვა - ეშველება თუ არა ქართულ კინემატოგრაფს და შეიძლება თუ არა დავიჯეროთ, რომ ქართული კინო კრიზისიდან გამოსვლის მდგომარეობაში იმყოფება. კითხვა საკმაოდ რთულია, უფრო სწორად მოკლე პასუხი არ აქვს.

კინოინდუსტრიის კრიტიკული ზონების და მათი არსებობის მიზეზების ძიება შეიძლება ამ კითხვებით დაიწყოს: რა პრობლემები აქვს ქართულ კინოს დღეს? როგორ ვითარდება კინოწარმოების სფერო? რას აკეთებს სახელმწიფო ეროვნული კინემატოგრაფის განვითარებისა და წახალისებისთვის? როგორ და რამდენად ეფექტურად მოხდა საბჭოთა სტრუქტურის რღვევა და ახლით ჩანაცვლება? არსებობს თუ არა დისტრიბუციის ქსელი? რა მდგომარეობაშია კინოთეატრები და რატომ არ არსებობს ქვეყანაში არც ერთი მუნიციპალური კინო? რომელ პროფესიონალურ რესურსს უნდა დაეყრდნოს ქართული კინო და რამდენად ზრუნავს სახელმწიფო ახალი პროფესიონალური კადრების ჩამოყალიბებაზე? აქვს თუ არა აზრი ფილმების შექმნას, რომლებიც, მოუვლელობის და პრეზერვაციის სათანადო საშუალებების დაუცველობის პირობებში, სწრაფი განადგურებისთვისაა განწირული?

90-იან წლებში კინოთეატრების დიდმა ნაწილმა ფუნქციონირება შეწყვიტა და იმ ფილმებსაც, რომლებსაც წლიდან წლამდე იღებდნენ, მაყურებელი ეკრანზე ვერ ნახულობდა. დაირღვა კინოინდუსტრიის ფუნქციონირების შემკვრელი რგოლების ჯაჭვი და ინფრასტრუქტურა. იდეოლოგიური წნეხისგან თავისუფალი კინოსტუდია "ქართული ფილმი" დამოუკიდებელ რეჟიმში, სრულყოფილად ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებდა, დამოუკიდებლად შექმნილი კინოკომპანიები კი ხშირად ერთი ფილმის გადაღების შემდეგ წყვეტდნენ არსებობას.

"სახელოვანი კინემატოგრაფიული წარსულის" პრესი დღესაც ძლიერია და თავისუფლად მუშაობაში ჯერ კიდევ ხელს უშლის რეჟისორებს. ძველს ახალი კლიშეები ენაცვლება. მაგალითად, თუკი საბჭოთა პერიოდში ევროპული კინემატოგრაფისგან განსხვავებულობა ქართული ნაციონალური კინოს საამაყო ასპექტი იყო, ახლა პირიქით ხდება - ქართველი რეჟისორები ცდილობენ ევროპულ ბაზარზე ორიენტირებული პროდუქცია შექმნან, როგორც ამბობენ ხოლმე, "ევროპულ სტანდარტებს" შეუსაბამონ გასაყიდად გამზადებული მათი პირმშოები. "ევროპულ სტანდარტში" და ქართული კინოს გაევროპელებაში ან გაამერიკულებაში ავტორები იმდენად ფილმის პროექტის განვითარების, წარმოების პროცესის ან გაყიდვის მექანიზმებს არ გულისხმობენ, რამდენადაც ბუნდოვან სურვილს, ქართული კინო რაღაცნაირად დასავლელ მაყურებელს მოაწონონ. თემის ძიებისას რეჟისორები (განსაკუთრებით ახალგაზრდა) და პროდიუსერები სვამენ კითხვას: რა უფრო მოეწონება, რა უფრო დააინტერესებს დასავლელ მაყურებელს.

მართლაც საინტერესოა, რომელი ასპექტებით შეუძლია ქართულ კინოინდუსტრიას დღეს ლოკალური თუ საერთაშორისო მასშტაბით თავი მოიწონოს? გარდა იმისა, რომ ევროპელ და ამერიკელ კინემატოგრაფისტებს შეგვიძლია მოვუყვეთ ქვეყნის ულამაზეს ლანდშაფტებში განფენილი თვალწარმტაცი პეიზაჟებისა და ქართული კინოს საუკუნოვანი ისტორიის შესახებ.

საქართველოში არსებობს რამდენიმე სახელმწიფო კინოდაწესებულება, რომელთაც წესდებაში კინემატოგრაფის განვითარებაზე ორიენტირებული ამოცანები უწერიათ. ეს დაწესებულებებია: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, სააქციო საზოგადოება ქართული ფილმი", ქართული ფილმის განვითარების ფონდი. ერთი შეხედვით, სამი სხვადასხვა ისტორიული წარსულის მქონე კინოინსტიტუციის ფუნქციონირება კინოინდუსტრიის სტრატეგიული წინსვლის გარანტიას უნდა იძლეოდეს.

ნინო ძანძავა

ქართული კინოს ნატვრის ხე


რა სჭირდება ქართულ კინოს საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად.


ერთ მხარეს საქართველოს უკრაინა ესაზღვრება, მეორე მხარს ჩილეა, წინ კი ტაივანი. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ბერლინალეს კინოფესტივალის შედარებით ახალ მონაწილეებად ითვლებიან. წელს პირველად, ფესტივალის "სტაჟიორი" მონაწილე ქვეყნების სტენდები ცალკე შენობაში განათავსეს, ახლები - ცალკე.

საქართველო ბერლინალეს ევროპულ კინო-ბაზრობაში, უკვე ხუთი წელია, მონაწილეობს. თუმცა, 12 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ ქართულ გამოფენას წელს პირველად ჰქონდა განსაკუთრებული კონცეფცია. გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა მხატვარმა ირინა ქურთიშვილმა ორ კედელზე დახატა ნატვრის ხის სილუეტი, რომლის ტოტებზეც ქართული კინოს მიღწევები და მომავალი პროექტები "ჩამოჰკიდა". კინოცენტრის წარმომადგენლის ანა ძიაპშიპას თქმით, ეს ჩანაფიქრი ორ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა - მსოფლიოს ამავე სახელწოდების ქართული კინოს კლასიკით ვახსენებდით თავს, და თან საკუთარ ნატვრებს ვაცნობდით.

არტ-ბაზარი ბერლინალეს ფესტივალზე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სწორედ აქ წყდება უამრავი ფილმის ბედი - გააღწევს ფილმი საერთაშორისო კინოდისტრიბუციაში და მოიპოვებს მსოფლიო ყურადღებას, თუ ვერა. თუმცა, ამის გარანტიას იქვე ვერც ერთი კინომწარმოებელი ვერ იღებს. საჭიროა შინ დაბრუნება და ლოდინი - გამოეხმაურება თუ არა რომელიმე პროდიუსერი ანდა კინოდისტრიბუტორი თანწაღებულ საკონტაქტო ინფორმაციას.

ქართული ფილმებიდან ყველაზე დიდ წარმატებას ბერლინალეს ბაზრობაზე რამდენიმე წლის წინ ზაზა რუსაძის "ბანდიტებმა" მიაღწია. გერმანული სადისტრიბუციო კომპანია ფილმის გავრცელებით დაინტერესდა და კონტრაქტის გასაფორმებლად რუსაძეს მოგვიანებით დაუკავშირდა.

წელს ბაზარზე კინოპროდუქცია 48 ქვეყნის 400-მა კომპანიამ წარმოადგინა. სასურველ ფილმებს კი ბაზარზე 1.300 დისტრიბუტორი ეძებდა. ქართველებთან კონტრაქტი ჯერ არავის გაუფორმებია. თუმცა, გაჩნდა იმედი, რომ ლაიფციგის ფესტივალის კავკასიური პროგრამისთვის ახალ ქართულ დოკუმენტურ ფილმებს აარჩევენ და ქართულ ფილმებს პოლონეთის ფესტივალზეც წაიღებენ.

ლევან კოღუაშვილის "ქუჩის დღეები" და რუსუდან პირველის "სუსა" ის ორი ახალი ფილმი იყო, რომლებმაც დისტრიბუტორების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. "სუსა", გიორგი მრევლიშვილის 10-წუთიან დოკუმენტურ ფილმთან "ანარეკლთან" ერთად, ფესტივალის არამთავარ საკონკურსო ნუსხაშიც შედიოდა.

ბერლინალეს მთავარ საკონკურსო პროგრამაში წელსაც არც ერთი ქართული ფილმი არ მოხვდა. სულ ამ პროგრამაში ფესტივალის ისტორიის მანძილზე ოთხი ქართული ფილმი მონაწილეობდა, 2002 წელს კი ოთარ იოსელიანის საფრანგეთში გადაღებულმა "ორშაბათის დილამ" "ვერცხლის დათვი" მოიპოვა.

წლევანდელმა საკონკურსო პროგრამამ კინოკრიტიკოს გოგი გვახარიაზე იმდენად ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ვერ ხვდება, ასეთი დაბალი კონკურენციის პირობებში, რატომ არ შეიძლებოდა მთავარ კონკურსში ქართული ფილმებიც შეეტანათ:

"გაუგებარია, რა კრიტერიუმებით მოხდა ფილმების შერჩევა. რატომ არ შეიძლებოდა ამ კონკურსზე მოხვედრილიყო, მაგალითად, "ქუჩის დღეები". ეს ფილმი ნანახი არ მაქვს, მაგრამ არ მგონია, იქ წარმოდგენილ ფილმებზე ცუდი ყოფილიყო", - ამბობს გვახარია.

ბოლო პერიოდში ბერლინის ფესტივალს ბევრი აკრიტიკებს იმის გამო, რომ აქ ფილმის მხატვრულ ღირებულებას ნაკლები ყურადღება ეთმობა და ძირითადი აქცენტი თემატიკაზეა. თუ სოციალურ პრობლემებზე ან უმცირესობებზე გადაიღებ ფილმს, რეჟისორის პროფესიონალიზმისა და ფილმის ხარისხის მიუხედავად, წარმატების შანსი იზრდება. რაც უფრო პოლიტიკურად მძაფრია ფილმი, მით მეტ ჯილდოს იმსახურებს.

"ბერლინალეს მაყურებელი სპეციფიკურია: მისთვის მთავარია ახლის შეგრძნება, განსხვავებულობა, ეგზოტიკა... ფილმის პოლიტიკური დატვირთვა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მხატვრული ღირებულება", - აღნიშნავს გოგი გვახარია.

პოლიტიკური კორექტულობა ბერლინალეზე განსაკუთრებით თვალში საცემი ბოლო ათწლეულში გახდა. ტრადიცია არც წელს დარღვეულა: "ოქროს დათვი" თურქულმა, არაფრით გამორჩეულმა ფილმმა აიღო, სწორედ მაშინ, როდესაც თურქეთი ასე მონდომებულია, ევროკავშირს შეუერთდეს. საუკეთესო რეჟისორად კი არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული, პატიმარი რეჟისორი, რომან პოლანსკი დაასახელეს - მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი მის საუკეთესო ნამუშევრებში ვერ შევა.

როდესაც კინოფესტივალი საქველმოქმედო აქციას ემსგავსება, და ხელოვნება მეორე პლანზე გადადის, არაა გასაკვირი, ამან ბევრი კინომოყვარული გააღიზიანოს. თუმცა ეს ტენდენცია შანსს აძლევს ნაკლებად განვითარებული კინოინდუსტრიის ქვეყნებს, საკუთარი ფილმები ფესტივალზე წარადგინონ და პრიზებიც კი დაიმსახურონ:

"თუ ცოტა მეტი ორგანიზება და მონდომება იქნება და იქ არსებულ კლიშეებს გაითვალისწინებენ, ქართულ ფილმებს ადვილად შეეძლებათ ამ კონკურსში მოხვედრა", - ამბობს გვახარია.

პრესტიჟული კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვედრა ქართული კინოს კრიზისიდან გამოყვანის გარანტი ნამდვილად არის. თუმცა, პროცესი ურთიერთგადაჯაჭვულია და, ვიდრე ქართულ კინოინდუსტრიაში სისტემური ძვრები არ მოხდება, ეს ნატვრა ისევ ნატვრის ხეზე ჩამოკიდებული დარჩება.

"ვერ ვხედავ ვერანაირ პერსპექტივას, ვიდრე არ დაიწყება მუშაობა თუნდაც კინოგანათლებაზე. უნდა აღდგეს სახელოსნოები, სადაც უნდა ასწავლონ საუკეთესო რეჟისორებმა. ამაში ფული არ უნდა დაგვენანოს, მხოლოდ ასე თუ მოვახერხებთ განვითარებას", - ამბობს გვახარია.

"ჩვენთან არ არსებობენ სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებიც ფილმების გაყიდვაზე იზრუნებენ, რაც ქართულ ფილმებს საერთაშორისო აღიარების მოპოვებაში ხელს უშლის", - დასძენს ანა ძიაპშიპა.

რეჟისორებს ხშირად თავადვე უწევთ მოლაპარაკებების წარმოება დაფინანსების მოსაპოვებლად. ასე მოხდა გიორგი მრევლიშვილის შემთხვევაშიც: მან თავისი ფილმი ბერლინალეს შესარჩევ კონკურსზე Berlin Today Awards-ზე გასულ წელს თვითონ გააგზავნა, ფილმი 250 კანდიდატიდან 15 საუკეთესოში მოხვდა და დაფინანსებაც მოიპოვა. წელს კი ის უკვე თალანტ ჩამპუს-ის პროგრამაში 5 საკონკურსო ფილმს შორისაა - ორიგინალური იდეისთვის.

საინტერესო იდეა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც განათლება და პროფესიული უნარ-ჩვევები. თუმცა, როცა ფილმის საერთაშორისო ბაზარზე გატანაზეა საუბარი, ალბათ მოცემული კონიუნქტურის და კინოენის გათვალისწინებაცაა საჭირო. ქართველი რეჟისორების უმეტესობა კი ჯერჯერობით ფილმებს მაინც ისევ თბილისელ "მაგარ ტიპებზე" (ძირითადად ნარკომანებზე), ბანალურ თბილისურ Love Story-ებზე, ან ვითომ სასაცილო ისტორიებზე იღებს და ფიქრობს, რომ თუ რამდენიმე კვირის მანძილზე კინოთეატრებში მათ სეანსებს გაყიდვების კარგი მაჩვენებელი ჰქონდა - ე.ი. "ყველაფერი კარგად იქნება".

ნინო ჩიმაკაძე

ქართული კინო ახალი ტალღის მოლოდინში

რეჟისორი თემურ ბუტიკაშვილი, საზოგადოებამ „ბერლინალეს“ 58–ე ფესტივალით გაიცნო. იგი არასდროს ყოფილა განებივრებული ყურადღებითა და აღიარებით, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „ჩამოფასებულები“ ბერლინალეს სპეციალური პრიზი ,,ხელოვნების სტიპენდია” დაიმსახურა. ბატონ თემურს ვთხოვეთ გაეზიარებინა თავისი შეხედულებები თანამედროვე კინოს (და არა მხოლოდ თანამედროვე) პრობლემების შესახებ. 

– როცა სადიპლომო ფილმი გავაკეთე, 1990 წელს, საქართველოში ყველაფერი იცვლებოდა. დგებოდა დრო, როცა საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უნდა გაეცნო დანარჩენ სამყაროს. კინო ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. მაშინ თბილისში ჩამოვიდა კანის ფესტივალის დირექტორი, რომელმაც ქართველ კინემატოგრაფისტებს შესთავაზა, ფესტივალზე წარსადგენად ეჩვენებინათ მისთვის ფილმები, რომლებიც ქვეყნის პრეზენტაციას მოახდენდნენ ცნობილ ფესტივალზე. ბედნიერი ვიყავი, როცა უამრავ ფილმს შორის ჩემი სადიპლომო ფილმი „სტუმარი“ შეარჩიეს. ფესტივალიდან პრიზის გარეშე დავბრუნდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემმა ფილმმა კარგი საქმე გააკეთა, ქართველი ხალხის ეროვნული პრობლემები გააცნო მსოფლიო საზოგადოებას. თუმცა, რატომ! ერთი პერსონალური „პრიზი“ მაინც დავიმსახურე: კანის ფესტივალის დირექტორმა, რომელმაც შეიტყო, რომ ახალ ფილმზე ვმუშაობდი, მოინდომა მისი ნახვა და ეს ფილმიც ჩართო შემდეგი კონკურსის პროგრამაში. ეს იყო ფილმი „კერპი“.

90–იან წლებში, როცა საქართველოში საშინლად გაუჭირდა შემოქმედების ყველა სფეროს, განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა კინო, რადგან ის ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნებაა და ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ფინანსებზე. ამის მიუხედავად, რეჟისორები მაინც არ ვწყვეტდით მუშაობას. კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ ერთი დოკუმენტური ფილმის და ერთი ვიდეოფილმის გადაღება მოვახერხე. დოკუმენტური ფილმი „ლიტურგია მეოცე საუკუნის საქართველოზე“ არის განვლილ საუკუნეში საქართველოს თავგადასავალი: ილიას მკვლელობით დაწყებული, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებით დამთავრებული.

ქართული კინოს ისტორია წარმოუდგენელია დიდი წინაპარი მსახიობების გარეშე. თანამედროვე რეჟისორებს ახალი მსახიობების ძებნა გჭირდებათ, მიგნება კი ზოგჯერ არ ამართლებს. ალბათ, ესეც არის ძველი და ახალი ქართული კინოს ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი...

–ჩემი თაობის რეჟისორებს გვქონდა ქართველ ვარსკვლავებთან მუშაობის ბედნიერება. დიახ, დიდი მსახიობი ფილმის წარმატების ერთ-ერთი გარანტია. ჩემს ფილმში „რა გაცინებს“ თამაშობდნენ მედეა ჩახავა, გიორგი გეგეჭკორი, კარლო საკანდელიძე, გურამ ფირცხალავა, რუსუდან ბოლქვაძე, ნინო კობერიძე... მსახიობი კინო–ანსამბლის წევრია. ის არის მთავარი კომუნიკატორი რეჟისორსა და მაყურებელს, სცენარისტსა და მაყურებელს შორის. საერთოდ, კინო და თეატრი, მე მგონი, ერთადერთი ხელოვნებაა, რომელიც მხოლოდ ორგანიზებული ფორმით არსებობს. მწერალს, მხატვარს, კომპოზიტორს მარტოს შეუძლიათ ნაწარმოების შექმნა. მაგრამ რეჟისორი მარტო ვერაფერს გააკეთებს. აი, ერთი ფილმის ისტორიას მოგიყვებით და თვითონ განსაჯეთ. 

... ვეძებ მასალას ფილმისთვის. ქვეყანაში იგივე მდგომარეობაა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე: კინოში არ არის ფული, არ არის ტექნიკა, ძველი მსახიობები მიდიან კინოდან, არ ჩანს მათი ცვლა. მაგრამ მაინც ვზივარ და ვეძებ მასალას ფილმისთვის. ლიტერატურულ ჟურნალ „არილში“ ვნახულობ ქართველი მწერლის ზურაბ ლეჟავას მოთხრობა „მაცივარს“. მომწონს, იმიტომ, რომ ერთდროულად დრამატული ისტორიაც არის და კომიკურიც. ვუკავშირდები მწერალს და, საბედნიეროდ, ის მთანხმდება სცენარის გაკეთებაზე. ამ სცენარით დავდივარ კარდაკარ და ვეძებ ფინანსებს. ვერავის ვითანხმებ. მაგრამ მეგობრების დახმარებით ფილმს მაინც ვიწყებ. ოპერატორიც ჩემი მეგობარია, ბაჩი სულამანიძე. ძალიან კარგი ოპერატორი, პროდიუსერი იყო ჩემი მეგობარი სულხან გოგოლაშვილი, რომელიც ენთუზიაზმით, ჰონორარის გარეშე, მუშაობდა. მსახიობებიც მყავდა, ძალიან ძლიერი: ცხონებული ბატონი მიშა ჯოჯუა და მინიატურების თეატრის მსახიობი ნატო გიორგაძე. ბოლოს, “შავი მონტაჟით” გაკეთებული ფილმის დასრულებაში დამეხმარა ქალბატონი ნანა ჯორჯაძე თავის “სტუდია 99-ში”. ეს გამართლებაა, როცა შეიძლება კინოს ჯგუფი ასეთი გზით შეკრიბო და ფილმი დაასრულო, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ გააკეთებ. ამიტომ ხდება მუშაობის წყვეტა, რაც აფუჭებს საქმეს. 

თქვენს გადაღებებზე შევნიშნე, რომ ზედმეტად აკონტროლებთ შემოქმედებითი ჯგუფის ყველა წევრის მუშაობას: ოპერატორის, მხატვრის... ეს ზედმეტი ცენტრალიზაცია ცოტა არადემოკრატიულ ელფერს ხომ არ სძენს გუნდურ მუშაობას?

– ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს რეჟისორის მუშაობის სტილზე. ზოგს გადასაღებ მოედანზე იმპროვიზაცია ურჩევნია, ზოგი კი – პირიქით, იმდენად კარგად ამზადებს გუნდს, რომ გადასაღებ მოედანზე ყოველ წუთს მისი მისვლა აღარ არის საჭირო. დიდმა ფრანგმა რეჟისორმა რენე კლერმა თქვა: “მე ფილმი მაქვს გადაღებული ქაღალდზე და დარჩა მხოლოდ მისი ფირზე გადატანა.” მე, რა თქმა უნდა, არც ერთ დიდ რეჟისორს არ ვედრები, მაგრამ ვცდილობ, ყოველთვის მომზადებული მივიდე გადასაღებ მოედანზე, ანუ ყოველთვის წინასწარ მაქვს გაწერილი, რა მინდა, რომელი კადრის გადაღება, რისი გაკეთება მხატვართან, ოპერატორთან. შემდეგ გადასაღებ მოედანზე უკვე აღარ მჭირდება ფიქრი, კამერა სად დავდგა, მსახიობმა სად და როგორ იმოძრაოს. ანუ გეგმით მუშაობა ამ გეგმაზე ერთნაირად დამოკიდებულს გვხდის ყველას: მეც, მსახიობსაც. ოპერატორსაც და მხატვარსაც. თავისუფლებას არავის ვუზღუდავ, მაგრამ ვცდილობ, გუნდმა ორგანიზებულად იმუშაოს, არ დაირღვას საერთო ატმოსფერო. ფილმში მთავარია ატმოსფეროს შექმნა, თუ ეს შეძელი, ჩათვალე, რომ ფილმი წარმატებულია,

ძალიან საინტერესოა ფილმის თემის შერჩევა. თემას რის მიხედვით უნდა ირჩევდეს რეჟისორი – მარტო კომერციული მიზნით? ძალიან მომაბეზრებელი ხომ არ გახდა, მაგალითად, ფილმების გადაღება ნარკომანიაზე მაშინ, როცა სხვა უამრავი პრობლემაა ქვეყანაში: ძალადობა, პოლიციური რეჟიმის ნიშნები, ახალგაზრდებში ეროვნული ფასეულობების დევალვაცია... 

– რეჟისორი ყველაზე კარგად უნდა გრძნობდეს საზოგადოებრივად საინტერესო თემას. მე არ შემიძლია, ვთქვა, რომ ნარკომანიაზე გადაღება არაა საჭირო, თუმცა გააჩნია, როგორ გადაიღებ, როგორ აქცენტებს დასვამ და რა გექნება სათქმელი. დიდ რეჟისორს ნებისმიერ თემაზე შეუძლია კარგი ფილმის გადაღება. ამის მაგალითია, საბჭოთა კინოს ისტორია. ერთ მაგალითსაც გავიხსენებ: ორსონ უელსს თავისმა მდიდარმა მეგობარმა დაურეკა და სთხოვა მისი სცენარის მიხედვით ფილმის გადაღება, უელსმა ნახა ეს სცენარი და პირველი რეაქცია ჰქონდა ასეთი: ეს საშინელებაა! მაგრამ მაინც დასთანხმდა და უთხრა: “კი ბატონო, მე გადავიღებ ამ ფილმს ამ სცენარით, ოღონდ –ჩემი ვერსიით”. და გამოვიდა მშვენიერი ფილმი, მაგრამ ეს უკვე უელსის ფილმი იყო. რეჟისორს ნებისმიერი თემის მოთვინიერება უნდა შეეძლოს. 

თქვენ წეღან კინოში ფინანსების უდიდეს მნიშვნელობაზე საუბრობდით . ნიშნავს თუ არა დიდბიუჯეტიანი ფილმი, დიდი ფინანსები შემოქმედებით თავისუფლებას?

– არავითარ შემთხვევაში. მე პირიქით ვფიქრობ: რაც უფრო დიდი ბიუჯეტი აქვს ფილმს, მით უფრო შებოჭილია რეჟისორი, რაც უნდა პარადოქსული იყოს, ასეა. აი, მაგალითად, თუნდაც ერთი რეჟისორის შემოქმედებით გზას გადავავლოთ თვალი: მარტინ სკორსეზე, ამერიკელი რეჟისორი, შემოქმედებითი გზის დასაწყისში უფრო კარგ კინოს იღებდა (ეს მაშინ, როცა სახსრების ნაკლებობას განიცდიდა და, საერთოდ, მეგობრების ფულით აკეთებდა ფილმებს), ვიდრე შემდეგ, როცა ჰოლივუდთან დაიწყო თანამშრომლობა. კინო არ უნდა გახდეს მხოლოდ ფინანსურ დამკვეთზე დამოკიდებული , ეს ისევე კლავს კინოს, როგორც ფინანსების უქონლობა.

ქართულ კინოში რატომ არ დგება „ ახალი ტალღის“ ხანა?

– ეს ტალღები ყოველთვის დიდი კრიზისების შემდეგ იწყებოდა ევროპულ ქვეყნებში. როცა ომი დამთავრდა და ქვეყანა თითქმის მთლიანად განადგურებული იყო, სწორედ, მაშინ შეიქმნა იტალიაში დიდი კინო. საფრანგეთს ეკონომიური კრიზისი დიდად არ შეხებია, მაგრამ იქაც გაჩნდა 50-იან წლებში “ახალი ტალღა”. მე ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რაც 60-იან წლებში გერმანიაში მოხდა, როცა შეიკრიბნენ ახალგაზრდა რეჟისორები და დაწერეს მანიფესტი: “ჩვენ მოვდივართ, გვინდა ძირეულად შევცვალოთ გერმანული კინოწარმოება და გერმანული კინოსახლი” და, მართლაც, შექმნეს ახალი გერმანული კინო.

სალომე სორდია

ქართული კინო დღეს



საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ერთადერთი სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელსაც ქართულ კინოზე ზრუნვა ევალება. რთული სათქმელია, ეტყობა თუ არა ქართულ კინოს ზრუნვა. კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით კი უნდა ვაღიაროთ , რომ მის მიერ ბოლო წლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვბულები ცდილობენ, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია შექმნან. კინოკავშირი აფინანსებს კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს. იმის შესახებ, თუ ვინ და როგორ აფასებს პროექტებს, ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორს, ქალბატონ თამარ ტატიშვილს, ვესაუბრეთ.

– ამ საქმიანობას არეგულირებს კანონი კინოს მხარდაჭერის შესახებ. საკონკურსო პროექტების შემფასებელ კომისიას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი იწვევს. სცენარი, რეჟისორის ხედვა, ფინანსური ნაწილი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის პირობებს. კონკურსი ორ ტურად ტარდება. პირველ ტურში მიიღება და განიხილება კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთები. პირველი ტური ფაქტობრივად საბუთების კონკურსია. მათ, ვინც მეორე ტურში გადავა, გაესაუბრებიან კომისიის წევრები. შეფასება ხდება ქულებით. კომისია ავლენს გამარჯვებულებს და ისინი იღებენ დაფინანსებას. კომისია არ არის მუდმივმმოქმედი და რეჟისორების, კინოკრიტიკოსების, ოპერატორების და სხვა კინოპროფესიის წარმომადგენლებისგან შედგება. კომისიის მუშაობაში არავინ ერევა.

ვინ არიან რეჟისორები იმ ფილმებისა, რომლებიც უახლოეს წლებში კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ?

– გიორგი ოვაშვილი. მან გადაიღო ძალიან წარმატებული ფილმი „გაღმა ნაპირი“. ასევე წარმატებულია ლევან კოღუაშვილის „ქუჩის დღეები“, რომელიც როტერდამის ფესტივალის მთავარ კონკურსზე იყო წარდგენილი. საინტერესო ნამუშევარია რუსუდან პირველის „სუსა“. კინოცენტრი არის ისეთი ფილმების თანადამფინანსებელი, როგორიცაა „ყარაბაღი,“ დოკუმენტური ფილმები და ა.შ.

წელიწადში რამდენჯერ ტარდება კონკურსი და წინასწარ არის თუ არა განსაზღვრული ფილმის თემატიკა?

– წელს სამი კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის თემატიკა ახლა არ არის განსაზღვრული, თუმცა მომავალში თემატური კონკურსებიც გვექნება. 

რა კეთდება დღეს ქართული კინომატოგრაფიული მემკვიდრეობის დასაცავად?

– ჩვენ დავიწყეთ ძველი კინომასალებისა და კინოფილმების ციფრულ მატარებლებზე გადატანა. პირველი პროექტის, ფილმის „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში“ ციფრული ვერსიის პრეზენტაცია უკვე შედგა. ეს კინოცენტრისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტია. დაგეგმილია კიდევ ოთხი ფილმის გადატანა ციფრულ ფორმატში. ეს ფილმებია: „მაგდანას ლურჯა“, „ფიროსმანი“ და სხვა.

რა ინფორმაციას ფლობთ კინოკავშირებზე და ფონდებზე, რომლებიც თქვენს ვებ გვერდებზეა მითითებული?

– უცხოურ კინოფონდებთან ჩვენ გვაქვს საქმიანი ურთიერთობები, სადაც შეიძლება ქართველი აპლიკანტები ჩავიდნენ. დღეს ქართული ფონდები კინოში ჩვენ ვართ, ეროვნული კინოცენტრი, კულტურის სამინისტრო, რომელიც ზოგჯერ აფინანსებს კინოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და კინოს განვითარების ფონდი. რაც შეეხება სხვა კინოკავშირებს, მათ ჩვენს საიტზე, მხოლოდ რეკლამას ვუკეთებთ, ესეც მათი პიარისთვის, დანარჩენი, მათი საქმიანობა ჩვენ არ გვეხება.

– არის ფილმები, რომლებიც სხავადსხვა ფილმებში თქვენს მიერ გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები არიან, მაგრამ მათ შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, რას გულისხმობს კონკურსში გამარჯვება, ფილმის პოპულარიზაცია თუ შედის თქვენს კომპეტენციაში?

– კონკურსში გამარჯვება ძალიან ტექნიკურ საკითხებს გულისხმობს, ამაში ფილმის პოპულარიზაცია არ შედის. კონკურში გამარჯვებული პროექტი წარმოადგენს ბიუჯეტის გარკვეულ განაცხადს. ავტორმა სამი ან ხუთი თვის განმავლობაში უნდა წარადგინონ ბიუჯეტის შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ ეს დოკუმენტაცია სრულად არ იქნება წარმოდგენილი, სუბსიდია არ გაიცემა. ამიტომ პირველადი გამარჯვება კინოცენტრში არის დეკლარირებული ხასიათის, ეს არის ჩვენი მონაწილეობა კინოში. დანარჩენი პოპულარიზაცია უკვე პროდუსერის ვალდებულებაა, როცა პროდუსერი აწარმოებს ფილმს, ჩვენ ეტაპოპრივად ვაძლევთ იმ დაფინანსებას, რომელიც ბიუჯეტში იყო წარმოდგენილი. ისინი გვაბარებენ საბოლოო პროდუქტს, რის შემდეგაც ჩვენ, როგორც წესი, ვაკეთებთ პრემიერას იმიტომ, რომ მას სახელმწიფო უჭერს მხარს, რაც შეეხება გაყიდვას, კინოცენტრს ამის უფლება არა აქვს.

– რას გვეტყვით მიმდინარე პროექტებზე, ალეკო ცაბაძის „რენე მიდის ჰოლივუდში“ და გიორგი მასხარაშვილის „მესაათე“, ცნობილია თუ არა მათი დასრულების თარიღი და დაახლოებით როდის გამოვა ეკრანებზე?

– ალეკო ცაბაძის „რენე მიდის ჰოლივუდში“ უკვე დასრულებულია და პროდუსერები, ალბათ, შემოდგომაზე წარმოადგენენ მის პრემიერას. ახლა მისი საფესტივალო კარიერის განსაზღვრა ხდება, ხოლო რაც შეეხება მასხარაშვილის „მესაათეს“, როგორც ვიცი, რამდენიმე კვირაში დასრულდება და მისი პრემიერა, ალბათ, სექტემბრიდან შედგება. 

წელს, კანის კინოფესტივალზე ფილმცენტრიდან წასული იყო ჯგუფი, რა იყო ამ ვიზიტის მიზანი? 

– კანის კინოფესტივალზე გარდა იმისა, რომ იმართება წითელი ხალიჩა, არსებობს ბაზრობა “Marché du Film”, სადაც მსოფლიოს ყველა კინოინდუსტრიული ორგანიზაცია მონაწილებოს.ჩვენ წარმოვადგენდით საქართველოს, როგორც ერთ–ერთ კინოინდუსტრიულ ქვეყანას და ამ ბაზარზე, საქმიან გარიგებებს ვაწარმოებდით. გვქონდა შეხვედრები ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან, სხვადასხვა მიმართულებებით, ეს იყო კონსულტაციები საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით. რაც გვინდა, რომ საქართველოშიც შემოვიღოთ 2011 წლიდან, თუმცა ეს პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. მეორე, ეს იყო კინოკომისიის დაარსება, კინოორგანიზაციის შექმნა, რომელიც უცხოელ კოლეგებს გაუმარტივებს საქართველოში მოღვაწეობას. მესამე მიმართულება არის ტრენინგები და ვორდშოპები, რომელიც ტექნიკურ და სპეციფიურ ცოდნას გულისხმობს. ეს კი დღევანდელი ქართული კინოსთვის იშვიათი და აუცილებელია. გარდა ამისა გვქონდ საქმიანი შეხვედრები სხვადასხვა ფესტივალების ორგანიზატორებთან და კინოორგანიზაციებთან, ასევე წარმოვადგენდით ოთარ იოსელიანის ფილმს „შანტრაპა“, რომელიც მაყურებელმა ბერლინში, სპეციალური ჩვენების პროგრამით იხილა. ვეხმარებოდით ყველა ქართველ რეჟისორსა და პრიოდუსერს, რომლებიც თავიანთ პროექტებს წარმოადგენდნენ ბერლინის კინობაზარზე. ჩვენ, როგორც კინოს სახელმწოფო წარმომადგენლები, ვცდილობდით დაგვერწმუნებინა უცხოელი პროდიუსერები და ფონდები იმაში, რომ ჩვენ ნამდვილად ვუჭერს მხარს კინოს განვითარებას საქართველოში. ეს ვიზიტი მიზნად ისახავდა ქართული კინოხელოვნების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე.

სალომე სორდია

Thursday, May 20, 2010

ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი



“გფმ”-მა მოაწყო ფართომასშტაბიანი გამოკითხვა “ყველა დროის თორმეტი საუკეთესო ფილმის” გამოსავლენად. ამ გამოკითხვაში სხვადასხვა თაობის კინომცოდნეები იღებდნენ მონაწილეობას. მათ მიერ დასახელდა 12 საუკეთესო ქართული ფილმი.
მიღებული შედეგების მიხედვით პირველ ეტაპზე გადაწყვეტილია გამოიცეს მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული წიგნი-ალბომი.
წიგნი-ალბომი “ყველა დროის საუკეთესო 12 ქართული ფილმი” ორ ენოვანი იქნება: ქართულ და ინგლისური. მასში შემავალი სტატიები და ფოტო სურათები სრულყოფილად ასახავს ფილმებისა და მათი შემქმნელების ბიოგრაფიულ-ისტორიულ მონაცემებს.
დაგეგმილია ამ ფილმების ჩვენების კვირეულის მოწყობა საქართველოსა და უცხოეთში. ასევე უნდა გამოვუშვათ ფილმები WHS ფორმატის ვიდეოკასეტებზე და ლაზერულ დისკებზე, რაც თავისთავად გულისხმობს ამ ფილმების აღდგენა-რესტავრაციას.
ვფიქრობთ, რომ ეს ნამდვილი საჩუქარი იქნება ყველა ქართული კინოს მოყვარულისათვის. ასევე ეს პროექტი აუცილებლად ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ ქართული კინოს პოპულარიზაციას.


1."ელისო", რეჟისორი ნ. შენგელაია“ელისო”, რეჟისორი ნ. შენგელაია

2."იყო შაშვი მგალობელი", რეჟ. ო. იოსელიანი“იყო შაშვი მგალობელი”, რეჟ. ო. იოსელიანი

3."ჯიმ შვანთე", რეჟ. მ. კალატოზიშვილი“ჯიმ შვანთე”, რეჟ. მ. კალატოზიშვილი

4."ჩემი ბებია", რეჟ. კ. მიქაბერიძე“ჩემი ბებია”, რეჟ. კ. მიქაბერიძე

5."არაჩვეულებრივი გამოფენა", რეჟ. ელდარ შენგელაია“არაჩვეულებრივი გამოფენა”, რეჟ. ელდარ შენგელაია

6."დიდი მწვანე ველი", რეჟ. მ. კოკოჩაშვილი“დიდი მწვანე ველი”, რეჟ. მ. კოკოჩაშვილი

7."ვედრება", რეჟ. თ. აბულაძე“ვედრება”, რეჟ. თ. აბულაძე

8."გიორგობისთვე", რეჟ. ო. იოსელიანი“გიორგობისთვე”, რეჟ. ო. იოსელიანი

9."ქორწილი, მუსიკოსები,ქოლგა", რეჟ. მ. კობახიძე“ქორწილი”, რეჟ. მ. კობახიძე

10."დაკარგული სამოთხე", რეჟ. დ. რონდელი“დაკარგული სამოთხე”, რეჟ. დ. რონდელი

11."ფიროსმანი", რეჟ. გ. შენგელაია“ფიროსმანი”, რეჟ. გ. შენგელაია

12."ცისფერი მთები", რეჟ. ე. შენგელაია“ცისფერი მთები”, რეჟ. ე. შენგელაია



წყარო: http://burusi.wordpress.com