Tuesday, June 8, 2010

ქართული კინოინდუსტრიის პრობლემები


 იმ ადამიანებს, რომლებსაც ქართული კინემატოგრაფის ავანჩავანი აინტერესებთ, ამ ბოლო დროს ხშირად უჩნდებათ კითხვა - ეშველება თუ არა ქართულ კინემატოგრაფს და შეიძლება თუ არა დავიჯეროთ, რომ ქართული კინო კრიზისიდან გამოსვლის მდგომარეობაში იმყოფება. კითხვა საკმაოდ რთულია, უფრო სწორად მოკლე პასუხი არ აქვს.

კინოინდუსტრიის კრიტიკული ზონების და მათი არსებობის მიზეზების ძიება შეიძლება ამ კითხვებით დაიწყოს: რა პრობლემები აქვს ქართულ კინოს დღეს? როგორ ვითარდება კინოწარმოების სფერო? რას აკეთებს სახელმწიფო ეროვნული კინემატოგრაფის განვითარებისა და წახალისებისთვის? როგორ და რამდენად ეფექტურად მოხდა საბჭოთა სტრუქტურის რღვევა და ახლით ჩანაცვლება? არსებობს თუ არა დისტრიბუციის ქსელი? რა მდგომარეობაშია კინოთეატრები და რატომ არ არსებობს ქვეყანაში არც ერთი მუნიციპალური კინო? რომელ პროფესიონალურ რესურსს უნდა დაეყრდნოს ქართული კინო და რამდენად ზრუნავს სახელმწიფო ახალი პროფესიონალური კადრების ჩამოყალიბებაზე? აქვს თუ არა აზრი ფილმების შექმნას, რომლებიც, მოუვლელობის და პრეზერვაციის სათანადო საშუალებების დაუცველობის პირობებში, სწრაფი განადგურებისთვისაა განწირული?

90-იან წლებში კინოთეატრების დიდმა ნაწილმა ფუნქციონირება შეწყვიტა და იმ ფილმებსაც, რომლებსაც წლიდან წლამდე იღებდნენ, მაყურებელი ეკრანზე ვერ ნახულობდა. დაირღვა კინოინდუსტრიის ფუნქციონირების შემკვრელი რგოლების ჯაჭვი და ინფრასტრუქტურა. იდეოლოგიური წნეხისგან თავისუფალი კინოსტუდია "ქართული ფილმი" დამოუკიდებელ რეჟიმში, სრულყოფილად ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებდა, დამოუკიდებლად შექმნილი კინოკომპანიები კი ხშირად ერთი ფილმის გადაღების შემდეგ წყვეტდნენ არსებობას.

"სახელოვანი კინემატოგრაფიული წარსულის" პრესი დღესაც ძლიერია და თავისუფლად მუშაობაში ჯერ კიდევ ხელს უშლის რეჟისორებს. ძველს ახალი კლიშეები ენაცვლება. მაგალითად, თუკი საბჭოთა პერიოდში ევროპული კინემატოგრაფისგან განსხვავებულობა ქართული ნაციონალური კინოს საამაყო ასპექტი იყო, ახლა პირიქით ხდება - ქართველი რეჟისორები ცდილობენ ევროპულ ბაზარზე ორიენტირებული პროდუქცია შექმნან, როგორც ამბობენ ხოლმე, "ევროპულ სტანდარტებს" შეუსაბამონ გასაყიდად გამზადებული მათი პირმშოები. "ევროპულ სტანდარტში" და ქართული კინოს გაევროპელებაში ან გაამერიკულებაში ავტორები იმდენად ფილმის პროექტის განვითარების, წარმოების პროცესის ან გაყიდვის მექანიზმებს არ გულისხმობენ, რამდენადაც ბუნდოვან სურვილს, ქართული კინო რაღაცნაირად დასავლელ მაყურებელს მოაწონონ. თემის ძიებისას რეჟისორები (განსაკუთრებით ახალგაზრდა) და პროდიუსერები სვამენ კითხვას: რა უფრო მოეწონება, რა უფრო დააინტერესებს დასავლელ მაყურებელს.

მართლაც საინტერესოა, რომელი ასპექტებით შეუძლია ქართულ კინოინდუსტრიას დღეს ლოკალური თუ საერთაშორისო მასშტაბით თავი მოიწონოს? გარდა იმისა, რომ ევროპელ და ამერიკელ კინემატოგრაფისტებს შეგვიძლია მოვუყვეთ ქვეყნის ულამაზეს ლანდშაფტებში განფენილი თვალწარმტაცი პეიზაჟებისა და ქართული კინოს საუკუნოვანი ისტორიის შესახებ.

საქართველოში არსებობს რამდენიმე სახელმწიფო კინოდაწესებულება, რომელთაც წესდებაში კინემატოგრაფის განვითარებაზე ორიენტირებული ამოცანები უწერიათ. ეს დაწესებულებებია: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, სააქციო საზოგადოება ქართული ფილმი", ქართული ფილმის განვითარების ფონდი. ერთი შეხედვით, სამი სხვადასხვა ისტორიული წარსულის მქონე კინოინსტიტუციის ფუნქციონირება კინოინდუსტრიის სტრატეგიული წინსვლის გარანტიას უნდა იძლეოდეს.

ნინო ძანძავა

No comments:

Post a Comment