Tuesday, June 8, 2010

ქართული კინო დღეს



საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ერთადერთი სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელსაც ქართულ კინოზე ზრუნვა ევალება. რთული სათქმელია, ეტყობა თუ არა ქართულ კინოს ზრუნვა. კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით კი უნდა ვაღიაროთ , რომ მის მიერ ბოლო წლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვბულები ცდილობენ, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია შექმნან. კინოკავშირი აფინანსებს კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს. იმის შესახებ, თუ ვინ და როგორ აფასებს პროექტებს, ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორს, ქალბატონ თამარ ტატიშვილს, ვესაუბრეთ.

– ამ საქმიანობას არეგულირებს კანონი კინოს მხარდაჭერის შესახებ. საკონკურსო პროექტების შემფასებელ კომისიას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი იწვევს. სცენარი, რეჟისორის ხედვა, ფინანსური ნაწილი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის პირობებს. კონკურსი ორ ტურად ტარდება. პირველ ტურში მიიღება და განიხილება კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთები. პირველი ტური ფაქტობრივად საბუთების კონკურსია. მათ, ვინც მეორე ტურში გადავა, გაესაუბრებიან კომისიის წევრები. შეფასება ხდება ქულებით. კომისია ავლენს გამარჯვებულებს და ისინი იღებენ დაფინანსებას. კომისია არ არის მუდმივმმოქმედი და რეჟისორების, კინოკრიტიკოსების, ოპერატორების და სხვა კინოპროფესიის წარმომადგენლებისგან შედგება. კომისიის მუშაობაში არავინ ერევა.

ვინ არიან რეჟისორები იმ ფილმებისა, რომლებიც უახლოეს წლებში კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ?

– გიორგი ოვაშვილი. მან გადაიღო ძალიან წარმატებული ფილმი „გაღმა ნაპირი“. ასევე წარმატებულია ლევან კოღუაშვილის „ქუჩის დღეები“, რომელიც როტერდამის ფესტივალის მთავარ კონკურსზე იყო წარდგენილი. საინტერესო ნამუშევარია რუსუდან პირველის „სუსა“. კინოცენტრი არის ისეთი ფილმების თანადამფინანსებელი, როგორიცაა „ყარაბაღი,“ დოკუმენტური ფილმები და ა.შ.

წელიწადში რამდენჯერ ტარდება კონკურსი და წინასწარ არის თუ არა განსაზღვრული ფილმის თემატიკა?

– წელს სამი კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის თემატიკა ახლა არ არის განსაზღვრული, თუმცა მომავალში თემატური კონკურსებიც გვექნება. 

რა კეთდება დღეს ქართული კინომატოგრაფიული მემკვიდრეობის დასაცავად?

– ჩვენ დავიწყეთ ძველი კინომასალებისა და კინოფილმების ციფრულ მატარებლებზე გადატანა. პირველი პროექტის, ფილმის „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში“ ციფრული ვერსიის პრეზენტაცია უკვე შედგა. ეს კინოცენტრისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტია. დაგეგმილია კიდევ ოთხი ფილმის გადატანა ციფრულ ფორმატში. ეს ფილმებია: „მაგდანას ლურჯა“, „ფიროსმანი“ და სხვა.

რა ინფორმაციას ფლობთ კინოკავშირებზე და ფონდებზე, რომლებიც თქვენს ვებ გვერდებზეა მითითებული?

– უცხოურ კინოფონდებთან ჩვენ გვაქვს საქმიანი ურთიერთობები, სადაც შეიძლება ქართველი აპლიკანტები ჩავიდნენ. დღეს ქართული ფონდები კინოში ჩვენ ვართ, ეროვნული კინოცენტრი, კულტურის სამინისტრო, რომელიც ზოგჯერ აფინანსებს კინოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და კინოს განვითარების ფონდი. რაც შეეხება სხვა კინოკავშირებს, მათ ჩვენს საიტზე, მხოლოდ რეკლამას ვუკეთებთ, ესეც მათი პიარისთვის, დანარჩენი, მათი საქმიანობა ჩვენ არ გვეხება.

– არის ფილმები, რომლებიც სხავადსხვა ფილმებში თქვენს მიერ გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები არიან, მაგრამ მათ შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, რას გულისხმობს კონკურსში გამარჯვება, ფილმის პოპულარიზაცია თუ შედის თქვენს კომპეტენციაში?

– კონკურსში გამარჯვება ძალიან ტექნიკურ საკითხებს გულისხმობს, ამაში ფილმის პოპულარიზაცია არ შედის. კონკურში გამარჯვებული პროექტი წარმოადგენს ბიუჯეტის გარკვეულ განაცხადს. ავტორმა სამი ან ხუთი თვის განმავლობაში უნდა წარადგინონ ბიუჯეტის შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ ეს დოკუმენტაცია სრულად არ იქნება წარმოდგენილი, სუბსიდია არ გაიცემა. ამიტომ პირველადი გამარჯვება კინოცენტრში არის დეკლარირებული ხასიათის, ეს არის ჩვენი მონაწილეობა კინოში. დანარჩენი პოპულარიზაცია უკვე პროდუსერის ვალდებულებაა, როცა პროდუსერი აწარმოებს ფილმს, ჩვენ ეტაპოპრივად ვაძლევთ იმ დაფინანსებას, რომელიც ბიუჯეტში იყო წარმოდგენილი. ისინი გვაბარებენ საბოლოო პროდუქტს, რის შემდეგაც ჩვენ, როგორც წესი, ვაკეთებთ პრემიერას იმიტომ, რომ მას სახელმწიფო უჭერს მხარს, რაც შეეხება გაყიდვას, კინოცენტრს ამის უფლება არა აქვს.

– რას გვეტყვით მიმდინარე პროექტებზე, ალეკო ცაბაძის „რენე მიდის ჰოლივუდში“ და გიორგი მასხარაშვილის „მესაათე“, ცნობილია თუ არა მათი დასრულების თარიღი და დაახლოებით როდის გამოვა ეკრანებზე?

– ალეკო ცაბაძის „რენე მიდის ჰოლივუდში“ უკვე დასრულებულია და პროდუსერები, ალბათ, შემოდგომაზე წარმოადგენენ მის პრემიერას. ახლა მისი საფესტივალო კარიერის განსაზღვრა ხდება, ხოლო რაც შეეხება მასხარაშვილის „მესაათეს“, როგორც ვიცი, რამდენიმე კვირაში დასრულდება და მისი პრემიერა, ალბათ, სექტემბრიდან შედგება. 

წელს, კანის კინოფესტივალზე ფილმცენტრიდან წასული იყო ჯგუფი, რა იყო ამ ვიზიტის მიზანი? 

– კანის კინოფესტივალზე გარდა იმისა, რომ იმართება წითელი ხალიჩა, არსებობს ბაზრობა “Marché du Film”, სადაც მსოფლიოს ყველა კინოინდუსტრიული ორგანიზაცია მონაწილებოს.ჩვენ წარმოვადგენდით საქართველოს, როგორც ერთ–ერთ კინოინდუსტრიულ ქვეყანას და ამ ბაზარზე, საქმიან გარიგებებს ვაწარმოებდით. გვქონდა შეხვედრები ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან, სხვადასხვა მიმართულებებით, ეს იყო კონსულტაციები საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით. რაც გვინდა, რომ საქართველოშიც შემოვიღოთ 2011 წლიდან, თუმცა ეს პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. მეორე, ეს იყო კინოკომისიის დაარსება, კინოორგანიზაციის შექმნა, რომელიც უცხოელ კოლეგებს გაუმარტივებს საქართველოში მოღვაწეობას. მესამე მიმართულება არის ტრენინგები და ვორდშოპები, რომელიც ტექნიკურ და სპეციფიურ ცოდნას გულისხმობს. ეს კი დღევანდელი ქართული კინოსთვის იშვიათი და აუცილებელია. გარდა ამისა გვქონდ საქმიანი შეხვედრები სხვადასხვა ფესტივალების ორგანიზატორებთან და კინოორგანიზაციებთან, ასევე წარმოვადგენდით ოთარ იოსელიანის ფილმს „შანტრაპა“, რომელიც მაყურებელმა ბერლინში, სპეციალური ჩვენების პროგრამით იხილა. ვეხმარებოდით ყველა ქართველ რეჟისორსა და პრიოდუსერს, რომლებიც თავიანთ პროექტებს წარმოადგენდნენ ბერლინის კინობაზარზე. ჩვენ, როგორც კინოს სახელმწოფო წარმომადგენლები, ვცდილობდით დაგვერწმუნებინა უცხოელი პროდიუსერები და ფონდები იმაში, რომ ჩვენ ნამდვილად ვუჭერს მხარს კინოს განვითარებას საქართველოში. ეს ვიზიტი მიზნად ისახავდა ქართული კინოხელოვნების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე.

სალომე სორდია

1 comment:

  1. http://www.facebook.com/aliceinwonderlustofficial/posts/354116444706075?notif_t=close_friend_activity გთხოვთ ყველამ ნახოთ და უყურადღებოთ არ დატოვოთ

    ReplyDelete