Tuesday, June 8, 2010

ქართული კინოს ნატვრის ხე


რა სჭირდება ქართულ კინოს საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად.


ერთ მხარეს საქართველოს უკრაინა ესაზღვრება, მეორე მხარს ჩილეა, წინ კი ტაივანი. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ბერლინალეს კინოფესტივალის შედარებით ახალ მონაწილეებად ითვლებიან. წელს პირველად, ფესტივალის "სტაჟიორი" მონაწილე ქვეყნების სტენდები ცალკე შენობაში განათავსეს, ახლები - ცალკე.

საქართველო ბერლინალეს ევროპულ კინო-ბაზრობაში, უკვე ხუთი წელია, მონაწილეობს. თუმცა, 12 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ ქართულ გამოფენას წელს პირველად ჰქონდა განსაკუთრებული კონცეფცია. გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა მხატვარმა ირინა ქურთიშვილმა ორ კედელზე დახატა ნატვრის ხის სილუეტი, რომლის ტოტებზეც ქართული კინოს მიღწევები და მომავალი პროექტები "ჩამოჰკიდა". კინოცენტრის წარმომადგენლის ანა ძიაპშიპას თქმით, ეს ჩანაფიქრი ორ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა - მსოფლიოს ამავე სახელწოდების ქართული კინოს კლასიკით ვახსენებდით თავს, და თან საკუთარ ნატვრებს ვაცნობდით.

არტ-ბაზარი ბერლინალეს ფესტივალზე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სწორედ აქ წყდება უამრავი ფილმის ბედი - გააღწევს ფილმი საერთაშორისო კინოდისტრიბუციაში და მოიპოვებს მსოფლიო ყურადღებას, თუ ვერა. თუმცა, ამის გარანტიას იქვე ვერც ერთი კინომწარმოებელი ვერ იღებს. საჭიროა შინ დაბრუნება და ლოდინი - გამოეხმაურება თუ არა რომელიმე პროდიუსერი ანდა კინოდისტრიბუტორი თანწაღებულ საკონტაქტო ინფორმაციას.

ქართული ფილმებიდან ყველაზე დიდ წარმატებას ბერლინალეს ბაზრობაზე რამდენიმე წლის წინ ზაზა რუსაძის "ბანდიტებმა" მიაღწია. გერმანული სადისტრიბუციო კომპანია ფილმის გავრცელებით დაინტერესდა და კონტრაქტის გასაფორმებლად რუსაძეს მოგვიანებით დაუკავშირდა.

წელს ბაზარზე კინოპროდუქცია 48 ქვეყნის 400-მა კომპანიამ წარმოადგინა. სასურველ ფილმებს კი ბაზარზე 1.300 დისტრიბუტორი ეძებდა. ქართველებთან კონტრაქტი ჯერ არავის გაუფორმებია. თუმცა, გაჩნდა იმედი, რომ ლაიფციგის ფესტივალის კავკასიური პროგრამისთვის ახალ ქართულ დოკუმენტურ ფილმებს აარჩევენ და ქართულ ფილმებს პოლონეთის ფესტივალზეც წაიღებენ.

ლევან კოღუაშვილის "ქუჩის დღეები" და რუსუდან პირველის "სუსა" ის ორი ახალი ფილმი იყო, რომლებმაც დისტრიბუტორების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. "სუსა", გიორგი მრევლიშვილის 10-წუთიან დოკუმენტურ ფილმთან "ანარეკლთან" ერთად, ფესტივალის არამთავარ საკონკურსო ნუსხაშიც შედიოდა.

ბერლინალეს მთავარ საკონკურსო პროგრამაში წელსაც არც ერთი ქართული ფილმი არ მოხვდა. სულ ამ პროგრამაში ფესტივალის ისტორიის მანძილზე ოთხი ქართული ფილმი მონაწილეობდა, 2002 წელს კი ოთარ იოსელიანის საფრანგეთში გადაღებულმა "ორშაბათის დილამ" "ვერცხლის დათვი" მოიპოვა.

წლევანდელმა საკონკურსო პროგრამამ კინოკრიტიკოს გოგი გვახარიაზე იმდენად ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ვერ ხვდება, ასეთი დაბალი კონკურენციის პირობებში, რატომ არ შეიძლებოდა მთავარ კონკურსში ქართული ფილმებიც შეეტანათ:

"გაუგებარია, რა კრიტერიუმებით მოხდა ფილმების შერჩევა. რატომ არ შეიძლებოდა ამ კონკურსზე მოხვედრილიყო, მაგალითად, "ქუჩის დღეები". ეს ფილმი ნანახი არ მაქვს, მაგრამ არ მგონია, იქ წარმოდგენილ ფილმებზე ცუდი ყოფილიყო", - ამბობს გვახარია.

ბოლო პერიოდში ბერლინის ფესტივალს ბევრი აკრიტიკებს იმის გამო, რომ აქ ფილმის მხატვრულ ღირებულებას ნაკლები ყურადღება ეთმობა და ძირითადი აქცენტი თემატიკაზეა. თუ სოციალურ პრობლემებზე ან უმცირესობებზე გადაიღებ ფილმს, რეჟისორის პროფესიონალიზმისა და ფილმის ხარისხის მიუხედავად, წარმატების შანსი იზრდება. რაც უფრო პოლიტიკურად მძაფრია ფილმი, მით მეტ ჯილდოს იმსახურებს.

"ბერლინალეს მაყურებელი სპეციფიკურია: მისთვის მთავარია ახლის შეგრძნება, განსხვავებულობა, ეგზოტიკა... ფილმის პოლიტიკური დატვირთვა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მხატვრული ღირებულება", - აღნიშნავს გოგი გვახარია.

პოლიტიკური კორექტულობა ბერლინალეზე განსაკუთრებით თვალში საცემი ბოლო ათწლეულში გახდა. ტრადიცია არც წელს დარღვეულა: "ოქროს დათვი" თურქულმა, არაფრით გამორჩეულმა ფილმმა აიღო, სწორედ მაშინ, როდესაც თურქეთი ასე მონდომებულია, ევროკავშირს შეუერთდეს. საუკეთესო რეჟისორად კი არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული, პატიმარი რეჟისორი, რომან პოლანსკი დაასახელეს - მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი მის საუკეთესო ნამუშევრებში ვერ შევა.

როდესაც კინოფესტივალი საქველმოქმედო აქციას ემსგავსება, და ხელოვნება მეორე პლანზე გადადის, არაა გასაკვირი, ამან ბევრი კინომოყვარული გააღიზიანოს. თუმცა ეს ტენდენცია შანსს აძლევს ნაკლებად განვითარებული კინოინდუსტრიის ქვეყნებს, საკუთარი ფილმები ფესტივალზე წარადგინონ და პრიზებიც კი დაიმსახურონ:

"თუ ცოტა მეტი ორგანიზება და მონდომება იქნება და იქ არსებულ კლიშეებს გაითვალისწინებენ, ქართულ ფილმებს ადვილად შეეძლებათ ამ კონკურსში მოხვედრა", - ამბობს გვახარია.

პრესტიჟული კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვედრა ქართული კინოს კრიზისიდან გამოყვანის გარანტი ნამდვილად არის. თუმცა, პროცესი ურთიერთგადაჯაჭვულია და, ვიდრე ქართულ კინოინდუსტრიაში სისტემური ძვრები არ მოხდება, ეს ნატვრა ისევ ნატვრის ხეზე ჩამოკიდებული დარჩება.

"ვერ ვხედავ ვერანაირ პერსპექტივას, ვიდრე არ დაიწყება მუშაობა თუნდაც კინოგანათლებაზე. უნდა აღდგეს სახელოსნოები, სადაც უნდა ასწავლონ საუკეთესო რეჟისორებმა. ამაში ფული არ უნდა დაგვენანოს, მხოლოდ ასე თუ მოვახერხებთ განვითარებას", - ამბობს გვახარია.

"ჩვენთან არ არსებობენ სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებიც ფილმების გაყიდვაზე იზრუნებენ, რაც ქართულ ფილმებს საერთაშორისო აღიარების მოპოვებაში ხელს უშლის", - დასძენს ანა ძიაპშიპა.

რეჟისორებს ხშირად თავადვე უწევთ მოლაპარაკებების წარმოება დაფინანსების მოსაპოვებლად. ასე მოხდა გიორგი მრევლიშვილის შემთხვევაშიც: მან თავისი ფილმი ბერლინალეს შესარჩევ კონკურსზე Berlin Today Awards-ზე გასულ წელს თვითონ გააგზავნა, ფილმი 250 კანდიდატიდან 15 საუკეთესოში მოხვდა და დაფინანსებაც მოიპოვა. წელს კი ის უკვე თალანტ ჩამპუს-ის პროგრამაში 5 საკონკურსო ფილმს შორისაა - ორიგინალური იდეისთვის.

საინტერესო იდეა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც განათლება და პროფესიული უნარ-ჩვევები. თუმცა, როცა ფილმის საერთაშორისო ბაზარზე გატანაზეა საუბარი, ალბათ მოცემული კონიუნქტურის და კინოენის გათვალისწინებაცაა საჭირო. ქართველი რეჟისორების უმეტესობა კი ჯერჯერობით ფილმებს მაინც ისევ თბილისელ "მაგარ ტიპებზე" (ძირითადად ნარკომანებზე), ბანალურ თბილისურ Love Story-ებზე, ან ვითომ სასაცილო ისტორიებზე იღებს და ფიქრობს, რომ თუ რამდენიმე კვირის მანძილზე კინოთეატრებში მათ სეანსებს გაყიდვების კარგი მაჩვენებელი ჰქონდა - ე.ი. "ყველაფერი კარგად იქნება".

ნინო ჩიმაკაძე

No comments:

Post a Comment